English / ქართული / русский /
თამარ კილაძე ვაჟა ზეიკიძე გიორგი მაისურაძე
სახელმწიფო შესყიდვების ევროპული გამოცდილების განვითარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია სახელმწიფო შესყიდვების არსებითი როლი  ქვეყნის ფინანსების წარმატებულ მართვაში. კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოშიც სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფორმირება თანდათან იხვეწება და მრავალი ცვლილება შედის ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ. 2010 წლიდან ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების სისტემა მთლიანად ელექტრონული შესყიდვების სისტემაზე გადავიდა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცა ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს შესყიდვების მიმდინარე პროცესს. სახელმწიფო შესყიდვის სისტემის მიზანია ხელი შეუწყოს და წაახალისოს ინოვაციები, კონკურენციის განვითარება, გამჭვირვალობა და უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა.

საკვანძო სიტყვები: შესყიდვები, კონკურენცია, ინოვაცია, რეგულირება. 

შესავალი

სახელმწიფო შესყიდვები, სახელმწიფოს ადმინისტრირების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და დიდ დახმარებას უწევს განვითარებად ქვეყნებს საჯარო სექტორის ფინანსების მართვაში. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამოყენებული თანხები  ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და მეტად მნიშვნელოვანია თუ რამდენად სწორად და ეფექტურად გამოიყენება აღნიშნული რესურსები.

თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, თუმცა მათ გააჩნიათ საერთო ნიშნები, რომელიც ასახვას პოვებს პრინციპებსა და მეთოდებში. ყველა ქვეყანას გააჩნია ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო უწყება, რომელიც არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო  შესყიდვების პოლიტიკის განხორციელებას. 

ძირითადი ტექსტი

საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში ფუნქციონირებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის გამტარებელია. დღეისათვის სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის რეგულაციას საფუძვლად უდევს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომელიც მიღებულია  საქართველოს პარლა­მენტის მიერ 2005 წლის აპრილში და პერიოდულად მასში შედის ცვლილებები, რათა ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვების სისტემამ უპასუხოს თანამედროვე მოთხოვნებს.   

ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში აქცენტი გაკეთებულია 4 ცენტრალურ პრინციპზე:

ა) თანაბარი პირობების პრინციპი  – კრძალავს კომპანიების დისკრიმინაციას;

ბ) გამჭვირვალობის პრინციპი – მისი ამოქმედება ამცირებს კორუფციის, თაღლი­თობის, წინასწარი შეთანხმებების, პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯების გაწევის რისკების  შემცირებას;

გ) ბაზარზე დაშვების შეზღუდვების მოხსნა – წარმოადგენს ტექნიკურ დეტალს, რომელიც  ამცირებს შესყიდვების გამჭვირვალობას და დროის ლიმიტს;

დ) ფულის ღირებულების შეფასება – იგი განეკუთვნება შესყიდვების სისტემის  მთა­ვარ მიზანს, ყველაზე ძნელად მისაღწევია და ძირითადად  მიმართულია დახარჯული თანხების საუკეთესო ღირებულების მისაღწევად.    

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, საჯარო შესყიდვების სფეროში, ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა 2017 წლის სექტემბრში დაასრულა და ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი საქართველოსთვის ნაწილობრივ გაიხსნა. საქართველო შეუერთდა ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერების პლატფორმასაც (https://opentender.eu), რომელიც დაინ­ტერესებულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, მოძებნონ და გაანალიზონ შესყიდვების მონაცემები 35 იურისდიქციაში. ევროკავშირის 28 ქვეყნის გარდა პლატფორმას მიერთებულია ევროკავშირის ინსტიტუტები, ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია, სერბეთი, საქართველო და სომხეთი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების მიზნით შემუშავდა  სამოქმედო გეგმა, რომელიც 2015–2022 წლების პერიოდს მოიცავდა და შედგებოდა ხუთი ფაზისაგან.   

 ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებით ასოცირების შესახებ ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულებების კუთხით შემდეგ ძირითად მიმართულებებს შეეხება: ა) პრინციპები; ბ) სპეციფიკაციები; გ) ვადები.

კანონში აისახა თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპები და განისაზღვრა, რომ სატენდერო მოთხოვნების დადგენისას უპირატესობა შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერას უნდა მიენიჭოს. დადგინდა ტენდერის გამოცხადებისა და სატენდერო პირობების გაცნობის გონივრული ვადები. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან შეიცვალა გასაჩივრების წესი, კერძოდ, გამოცხადებული ტენდერის პირობებს ნებისმიერი დაინტერესებული პირი ასაჩივრებს უფასოდ, ხოლო შერჩევა-შეფასების ეტაპს – მხოლოდ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, რომლის უფლებაც შეილახა. ამისთვის ის იხდის საჩივრის წარდგენის საფასურს, რომელიც მას დავის  განხილვის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 ცვლილებების ადაპტაციისთვის და კანონის მოთხოვნათა აღსასრულებლად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 19 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გამოსცა, რომელთა შორის ძირითადი ადგილი უჭირავს ორ მათგანს – ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალ წესსა და ცვლილებებს დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაში, რომლითაც განისაზღვრა დავების საბჭოში საჩივრის წარდგენის წესი.

     შემუშავდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის ორგანოს ახალი ინსტიტუციური მოწყობა, მისი დაკომპლექტებისა და მართვის პრინციპები, ასევე შესაბამის მიდგომები ამ ორგანოს სრული დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

საჯარო შესყიდვების სფეროს კომპლექსური რეფორმის ფარგლებში “საჯარო შესყიდვების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ  2022 წლის პირველ კვარტალში მომზადა ახალი კანონპროექტი. კანონპროექტში აისახა საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები. ახალი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ასახავს AA/DCFTA-ით გათვა­ლისწინებულ საკანონმდებლო დაახლოების II და IV ფაზის ვალდებულებებს და ამ  ვალდებულებების ეტაპობრივად ამოქმედებას. 2022 წლის დეკემბერის თვეში პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირველი და მეორე მოსმენით განიხილა და მცირეოდენი შენიშვნებით მიიღო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი. კანონპროექტში აისახა პარლამენტარების მიერ გამოთქმული შენიშვნები და მომზადდა იგი მესამე მოსმენისთვის.

პარალელურად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აქტიურად თანამ­შრომლობს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს პარლამენტში თემატური შეხვედრების ორგანიზება ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრები, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონ­პროექტიდან  გამომდინარე მოამზადა იმ კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია გამოიცეს ახალი კანონის სრულფასოვანი ამოქმედებისათვის. სწორედ ამ მიზნით 2022 წლიდან USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა უცხოელი ექსპერტის დაქირავება; მომზადდა მეორეული კანონმდებლობის პრიორიტეტული მიმართულებები; საერთაშორისო ექსპერტის მიერ  შემუშავდა   ორი   კანონქვემდებარე   ნორმატიული  აქტი.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებუ­ლების თანახმად, გათვალისწინებულია ევროკავშირის 2014/24/EC დირექტივასთან საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ამჟამად მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ახალი ელექტრონული სერვისების, ინსტრუმენტებისა და პროცედურების დანერგვას.

ელექტრონული  სისტემის კარდინალური მოდერნიზება და შესაბამისად სრული­ად ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვა დაკავშირებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის მიღებასა და მისი  ამოქმედების ვადებზე.

ახალი კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული კანონპროექტი დღეს უკვე არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელმაც მთელი რიგი რეგულაციები ახლებურად და განსხვავებულად უნდა დაარეგულიროს. ამჟამად მომქმედი კანონმდებლობით ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის მხოლოდ ერთ მეთოდი გამოიყენება. ეს არის დაბალი ფასი. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ  ტენდერში მონაწილე შესაძლებელია შეფასდეს სხვა კრიტერიუმებითაც, როგორიცაა: ფასის და ხარისხის კომბინაცია და შესყიდვის ობიექტის სასიცოცხლო ციკლის დანახარჯების ჯამური ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება დღეს გადავიხადოთ ოდნავ მეტი თანხა, მაგრამ ამ შესყიდვის ობიექტის სასიცოცხლო ციკლის ფარგლებში  გაცილებით ნაკლები დანახარჯი გავწიოთ და საბოლოო ჯამში ბიუჯეტისთვის ეკონომიკურად გამართლებული შედეგი მივიღოთ. ახალი კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია  იმ ევროდირექტივების ბოლო მოთხოვნებთან, რომლებიც საჯარო შესყიდვებს ეხება.

2021 წელს მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე ეკონომიკაში შექმნილი ვითარება სერიოზული გამოწვევებითა და სირთულეებით გამოირჩეოდა. ამ ვითარებაში სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზნებს და ამოცანებს.  ქვეყნის მაშტაბით 2021 წელს ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანმა ღირებულებამ 4 701 769 413 ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 82%-ია, ხოლო გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებულმა ხელშეკრულებების მთლიანმა მოცულობამ   1 052 419 113 ლარი ანუ 18% შეადგინა. აღნიშნული გამარტივებული შესყიდვების ძირითადი ნაწილი (62%) განე­კუთვნება პანდემიის მართვის პროცესში საჭირო სამედიცინო მომსახურების სფეროს შესყიდვებს [2, 3].

2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადდა 31 773 ელექტრონული ტენდერი, მათ შორის 82% განე­კუთვნებოდა NAT ტიპის ტენდერებს, 12% – SPA ტენდერებს და 6% – ყველა დანარჩენი ელექტრონული შესყიდვის პროცედურას.

ევროკავშირი ცდილობს შექმნას ეფექტური სივრცე მთელი ევროპის მასშტაბით მომქმედი ბიზნესსუბიექტებისათვის სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. ევროკავშირის დირექტივებში 2004/17 და 18 მოცემულია სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების აღწერა, რომელის დანერგვაც სავალდებულოა ყველა წევრი სახელმწიფოსათვის საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის მეშვეობით. გამარტი­ვებულ პირდაპირ შესყიდვებთან მიმართებით ევროკავშირის დირექტივა  2004/18 მოითხოვს, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს, თუ რა კრიტერიუმები დააკმაყოფილა შერჩეულმა ბიზნესსუბიექტმა. ამავე დირექტივაში ჩამოყალიბებულია გარემოებები, რომლის პირობებში დაშვებულია გამარტივებული შესყიდვების გამოყენება. გამარტივებულ შესყიდვებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები განსხვავებული პერიოდულობით იყენებენ. ხშირად ცალკეულ ქვეყნებში  გამარტივებული შესყიდვების წილი 50%-საც კი აღემატება. ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც კორუფციის პრევენციის და გამოვლენის მექანიზმი დაბალია, სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებულ შესყიდვებს შედარებით ნაკლები წილი უკავია.

მეტად საინტერესოა გამარტივებული შესყიდვების საკანონმდებლო რეგულირება ევროკავშირის წევრ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ლიტვაში გამარტი­ვებული სახელმწიფო შესყიდვები რეგულირდება კანონით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. 2015 წლის მონაცემებით [3] საერთაშორისო შესყიდვებამა საერთო სახელმწიფო შეყიდვების 63% შეადგინა. აქედან  5,6%  ჩატარდა კონკურენტული მოლაპარაკებების გზით, ხოლო 3,9% კი  –  პირდაპირი შესყიდვის გზით. ეროვნული შესყიდვების  34,4% შესყიდულია გამარ­ტივებული წესით.  ლიტვაში გამარტივებული შესყიდვების წესის გამოყენება დაშვებულია კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც:

  1. შესყიდვების ღირებულება ნაკლებია კანონით დადგენილ საერთაშორისო ზღვარზე და კანონში მითითებულია ამგვარი ზღვრების რაოდენობრივი მაჩვენებლები. ამჟამად ლიტვაში მოქმედებს ევროკავშირის დირექტივით - 2014/24/EU დადგენილი საერთაშორისო ზღვრები.
  2. კანონით განსაზღვრულია გამარტივებული შესყიდვის შემდეგი ძირითადი ფორმები:

ა) გამარტივებული შესყიდვა ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადების გამოქვეყნებით;

ბ)  გამარტივებული შესყიდვა ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადების გამოქვეყნების გარეშე.

  1. კონტრაქტის ღირებულების მიუხედავად, როცა საქმე ეხება შემდეგი ტიპის მომსახურების შესყიდვას:
  • Ø სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება;
  • Ø სატრანსპორტო მომსახურება სარკინიგზო ხაზებზე;
  • Ø სატრანსპორტო მომსახურება საწყლოსნო ტრანსპორტით;
  • Ø დამხმარე და შემავსებელი სატრანსპორტო მომსახურება;
  • Ø იურიდიული მომსახურება;
  • Ø გამოძიების ან უსაფრთხოების მომსახურება;
  • Ø საგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების მომსახურება;
  • Ø ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები;
  • Ø რეკრეაციული, კულტურული და სპორტული აქტივობები.

ლიტვაში სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პარალელურად ფუნქციონირებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც 2000 წლიდან წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს და მისი ძირითადი ფუნქციაა კორუფციის შემთხვევების კონტროლი სახელმწიფო შესყიდვებში.  სამსახური პირდაპირ ანგარიშვალდებულია პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე [4].

საქართველოსთვის ასევე მეტად მნიშვნელოვანია ლატვიის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების საქმეში. ლატვიაში 2006 წლიდან ამოქმედდა კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“[5],  რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის დირექტივას – 2004/18/EU. ლატვიის კანონში პირდაპირაა ასახული ევროკავშირის დირექტივები შემდეგი სამიზნე პრინციპების დაცვით:

  1. შესყიდვების პროცესის ღიაობა;
  2. მომწოდებლებს შორის თავისუფალი კონკურენცია;
  3. სახელმწიფო და ადგილობრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება.

ევროკავშირის ზღვრებს ქვემოთ შესყიდვების შემთხვევაში ლატვიაში მოქმედებს ორდონიანი ზღვრები. პირველი, პირდაპირი შესყიდვა დასაშვებია 4000 ევროზე ნაკლები ღირებულების პროდუქტის და მომსახურების შესყიდვისათვის, 14 000 ევროზე ნაკლები ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში. მეორე დონე, რომელიც განისაზღვრება 4000-დან 42 000 ევრომდე, პროდუქტებისა და მომსახურების და 14 000-დან 170 000-მდე ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის პროცედურების მეშვეობით.

ნახსენები ზღვრის ზემოთ სახელმწიფო შესყიდვების კანონით დაშვებულია გამარტივებული შესყიდვის შემდეგი ფორმები:

  1. შესყიდვა შეზღუდული მონაწილეებით – ყველა დაინტერსებულ მხარეს აქვს  უფლება, მოითხოვოს მონაწილეობა, მაგრამ უშუალოდ წინადადების წარმოდგენა შეუძლიათ მხოლოდ იმ მომწოდებლებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ;
  2. შესყიდვა მოლაპარაკების გზით – შემსყიდველის მიერ არჩეულ ერთ ან რამდენიმე მომწოდებელთან მოლაპარაკება შესყიდვის თაობაზე.

ლატვიაში სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს ახორციელებს შესყიდვების მონიტორინგის ბიურო [6], რომელიც ექვემდებარება ფინანსთა სამინისტროს. ბიუროს ფუნქციებია: აწარმოოს სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკის კანონთან შესაბამისობის მონიტორინგი, გამოითხოვოს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანიზაციებიდან შესყიდ­ვების ნებისმიერ ეტაპზე, განახორციელოს შეფასებები და გასცეს რეკომენდაციები. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მას უფლება აქვს, დააჯარიმოს შემსყიდველი ორგანიზაციები, მიიღოს სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაცია, განახორცი­ელოს კანონით დაკისრებული სხვა ფუნქციები.  

საქართველოსთვის ასევე საყურადღებოა ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვებში. ჩეხეთში სახელმწიფო შესყიდვები რეგულირდება კანონით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ [7]. კანონი შესყიდვის ღირებულების მიხედვით სამი ტიპის შესყიდვის პროცედურას განასხვავებს: ზღვარს ზემოთ, ზღვარს ქვემოთ და მცირე მოცულობის. დაწესებულ ზღვარს ზემოთ შესყიდვები პირდაპირ ექვემდებარება ევროკავშირის დირექტივებს. ამ უკანასკნელზე ნაკლები, მაგრამ ეროვნული ზღვრების მიხედვით დასაშვები (პროდუქტები და მომსახურება, შესაბამისად, 70, 000 და 210,000 ევრო) ექვემდებარება შესყიდვების სახელმწიფო კანონის მოთხოვნებს. ნახსენებ ზღვრებს ქვემოთ შესყიდვები შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით მინიმუმ ხუთი კანდიდა­ტის მოწვევით, მოწვევის საჯაროდ გამოქვეყნების გზით.

კანონით დაშვებულია გამარტივებული შესყიდვის შემდეგი საშუალებები: შეზღუდული პროცედურა; მოლაპარაკება შესყიდვის შესახებ განცხადების საჯარო გამოქვეყნების გზით; მოლაპარაკება შესყიდვის შესახებ განცხადების გამოქვეყნების გარეშე; გამარტივებული შესყიდვა მონეტარულ ზღვარს ქვემოთ.

შესყიდვების შესახებ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს ჩეხეთის რეგიონული განვითარების სამინისტრო, ხოლო კონკურენციის სააგენტო და სახელწიფო აუდიტის ოფისი ასრულებს გარე მაკონტროლებლის როლს.  

 ჩეხეთის აუდიტის სამსახური [8] აკონტროლებს სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობისა და ეკონომიურობის საკითხებს. აუდიტის სამსახურის უშუალო მოვალეობაში არ შედის მომწოდებლებთან კონტრაქტის მინიჭების პროცესების კანონთან შესაბამისობის დადგენა. როგორც პოლიტიკურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია, იგი ოთხი დეპარატმენტისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთია სახელმწიფო შესყიდვებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.

სატენდერო პროცედურების კანონთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს კონკურენციის დაცვის სამსახური [9]. სამსახურს ასევე  კანონით აქვს უფლება­მოსილება, შეაჩეროს რომელიმე რისკის შემცველი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონტრაქტის დადება. სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ადმინისტრა­ციული აქტია ჩეხეთის ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით და მისი გადახედვა მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი. 

დასკვნა

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვითარდება ევროსტანდარტების მიმართულებით, რაც საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის კუთხით. გამჭვირვალობის მხრივ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა  ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, მაგრამ მნიშვნელოვნად დასახვეწია  შესყიდვების მონიტორინგის სისტემა, რადგან ხშირად სააგენტოს  მიერ გამოვლენილი საეჭვო ტიპის ხელშეკრულებები გარკვეულ­წილი რისკის ქვეშ აყენებს გამჭვირვალობასა და ანტიკორუფციულ ქმედებებს.

შემსყიდველის პოზიციიდან საკითხის მიდგომისას, მას ურჩევნია გამარტივებული ტენდერებისა და ხელშეკრულებების გაფორმება პროცედურული სიმარტივის გამო, მაგრამ აუცილებელია საქართველოშიც ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიურად შემოღებულ იქნეს გამარტივებულ შესყიდვებზე ევროდირექტივებში მითითებული სტანდარტები, როგორც ამას ახორციელებს ლიტვა, ლატვია და ჩეხეთი. ამ მიმართულებით მიზანშეწონილად გვესახება გარკვეული ცვლილებების შეტანა უკვე მომზადებულ ახალ კანონპროექტში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ქვეყნის შესყიდვების სისტემის ერთ-ერთი პრობლემატური მხარეა შესყიდვების დაგეგმვის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდს ჩაშენებული აქვს ePlan მოდული, სააგენტოს მხრიდან შემსყიდველი ორგანიზაციების წლიური გეგმების მონიტორინგი სათანადო დონეზე მაინც ვერ ხორციელდება. ePlan მოდულში შესაძლებელია ფიქსირებული მონაცემების კორექტირება, რაც შემსყიდველ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს წლის განმავლობაში კორექტირება გაუკეთონ სააგენტოსთვის წარდგენილ წლიურ გეგმებს საკუთარი შეხედულე­ბისამებრ. აღნიშნულის დროული გამოსწორება მნიშვნელოვანი საკითხია შესყდვების სისტემაში ამოქმედებული ახალი ელექტრონული სისტემისა, რათა სააგენტოს ვებგვერდზე დაფიქსირდეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების გეგმებში შეტანილი კორექტირების შემთხვევები.

მთლიანობაში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ევროინტე­გრაციის კუთხით წარმატებით ვითარდება, პერიოდულად ხდება ახალი სტანდარ­ტებისა და ნორმატივების დანერგვა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, თბ. 2005.
  2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2021 წლის ანგარიში. თბ. 2022, www.procurement.gov.ge
  3. ლიტვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის ანგარიში: https://vpt.lrv.lt/uploads/vpt/documents/ files/Informacija%20apie%202015%20m%20%20 vie%C5%A1uosius%20pirkimus.pdf
  4.  http://www.stt.lt/en
  5. http://ec.europa.eu/public_opinion/index_en.htm 
  6.  https://www.iub.gov.lv/lv  
  7.  http://www.portal-vz.cz/getmedia/50657500-3743-426a-8463-e3b46830ae04/ZVZ_english  
  8.   https://www.nku.cz/ 
  9.  https://www.uohs.cz/en/homepage.html    
  10. გ. ყუფარაძე, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების წესი ევროკავშირის ქვეყნებში. თბ.2021
  11. ნ.ჯავახაძე, რეკომენდაციები ადგილობრივ დონეზე საჯარო-კერძო თანამშრომლობის მხარდასაჭერად. თბ. 2021